ბერკეტი

 შრომის გასაადვილებლად ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებდა სხვადასხვა მარტივ მექანიზმებს.

 მარტივი მექანიზმებია ბერკეტი და მისი სახესხვაობები  -ჭოჭონაქი, ჯალამბარი, დახრილი სიბრტყე და მისი სახესხვაობები- სოლი და ხრახნი.

ბერკეტი მყარი სხეულია, რომელსაც უძრავი ღერძის გარშემო შეუძლია ბრუნვა.

ორი ძალის მოქმედებით ბერკეტი გაწონასწორებულია, თუ ისინი ცდილობენ მის სხვადასხვა მიმართულებით მობრუნებას და ძალების მოდულების შეფარდება მათი მხრების შებრუნებული შეფარდების ტოლია.

ბერკეტი გაწონასწორებულია, თუ მასზე მოქმედი ძალების მომენტების ჯამი ნულის ტოლია.

თუ იმ ძალის მომენტს, რომელიც ცდილობს სხეულის შემობრუნებას საათის ისრის ბრუნვის თანხვდენილი მიმართულებით ჩავთვლით დადებითად, მაშინ იმ ძალის მომენტი, რომელიც ცდილობს ბერკეტის შემობრუნებას საპირისპირო მიმართულებით, იქნება უარყოფითი.

ბერკეტის წონასწორობის პირობა დაადგინა არქიმედემ, რომელსაც ეკუთვნის გამონათქვამი :

   ''მომეცი საყრდენი წერტილი და დედამიწას დავძრავ!"




საყრდენი ფართობის მქონე სხეულთა წონასწორობა

საშინაო ცდა-

 ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოათავსეთ პრიზმა, რომლის წიბოები სახსრულადაა შეერთებული. პრიზმის მასათა ცენტრში დაკიდეთ შვეული.პრიზმა გაწონასწორებულია. პრიზმაზე მოქმედი სიმძიმის ძალის მოქმედების წრფე პრიზმის საყრდენ ფართობს კვეთს. თანდათან გადავხაროთ პრიზმა. ხშირ-ხშირად გავუშვათ ხელი და შევამოწმოთ, რჩება თუ არა იგი წონასწორობაში და კვეთს თუ არა სიმძიმის ძალის მოქმედების წრფე საყრდენ ფართობს?

პრიზმის დახრის კუთხე თანდათან გაადიდეთ და დააკვირდით.




შეიძლება დავასკვნათ:
საყრდენი ფართობის მქონე სხეულის წონასწორობისათვის აუცილებელია მასათა ცენტრზე გავლებული შვეული გადიოდეს საყრდენ ფართობში










სიმძიმის ცენტრი. წონასწორობის სახეები



ერთგვაროვანი სხეულების სიმძიმის ცენტრი, რომელსაც მასათა ცენტრსაც უწოდებენ, მათი სიმეტრიის ცენტრში მდებარეობს.

 სხეულის წონასწორობა მდგრადია, თუ  წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრის შემდეგ სხეული წონასწორობის მდებარეობას უბრუნდება.

წონასწორობა არამდგრადია, თუ წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრის შემდეგ სხეული წონასწორობის მდებარეობას შორდება.

სხეულის წონასწორობა განურჩეველია, თუ მისი საწყისი მდებარეობიდან მცირე გადახრისას მასე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნული რჩება.

საშინაო ცდა-
  მუყაოსგან გამოჭრილი არაწესიერი ფორმის ფირფიტა დაკიდეთ ჯერ A  , შემდეგ B ,და ბოლოს  C  წერტილით შვეულთან ერთად. თითოეულ შემთხვევაში შვეულის გასწვრივ გაატარეთ ხაზი. დააფიქსირეთ ხაზების გადაკვეთის წერტილი.
  ცდით შეამოწმეთ, ხაზების გადაკვეთის წერტილი არის თუ არა ფირფიტის სიმძიმის ცენტრი?

/ ფირფიტას ხაზების გადაკვეთის წერტილში გაუკეთეთ საყრდენი ან დაკიდეთ. თუ ეს წერტილი სიმძიმის ცენტრია, მაშინ ფირფიტა უნდა გაჩერდეს ჰორიზონტალურ მდებარეობაში/